ლითოტრიფსია

თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭების დისტანციური ლითოტრიფსია (ESWL)

რა არის ლითოტრიფსია?
 
ლითოტრიფსია ეს არის შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა დარტყმითი ტალღით, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კენჭს ზომის გამო, პაციენტი დამოუკიდებლად ვერ გამოდევნის ორგანიზმიდან.
კენჭის თავისით (სპონტანურად) გამოძევების ალბათობა მის ზომაზეა დამოკიდებული. 4 მმ-მდე კენჭის გამოძევების შანსი საშუალოდ 80%-ს შეადგენს, ხოლო 7 მმ-იანი კენჭის დაახლოვებით 40%-ს. მასზე მეტი მოცულობის კენჭის გამოძევება კი ძალზე იშვიათია.
ლითოტრიფსიას შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით აქვს შემდეგი უპირატესობები:
  • არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, რაც გამორიცხავს რაიმე სახის გართულებებს;
  • იაფია, ვიდრე შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის სხვა მეთოდები;
  • სხვა მსგავს სამკურნალო პროცედურებთან შედარებით ყველაზე ხანმოკლეა, ამდენად ტკივილის შეგრძნებაც ხანმოკლეა;
  • რეაბილიტაცია ლითოტრიფსიის პროცედურის შემდეგ გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობის სხვა მეთოდების დროს.
ჩვენს კლინიკაში ტარდება თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭების დაშლა დარტყმითი-ტალღოვანი იმპულსებით ორგანიზმის გარედან - დისტანციური ლითოტრიფსია (ESWL).
პროცედურის დროს კენჭის ადგილმდებარეობა ფიქსირდება ექოსკოპიის მეშვეობით და არა რენტგენოგრაფიით.
 
რა შემთხვევაში არის ნაჩვენები ლითოტრიფსია?
  • როდესაც კენჭები თირკმელსა და შარდსაწვეთში 20 მმ-დეა.
  • თირკმლის მწვავე კოლიკას დროს, რომელიც შარდსაწვეთში არსებული კონკრემენტების გამო იწყება;
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებისას ხანგრძლივი და ხშირი ანთებების დროს;
  • კონსერვატული მკურნალობისას დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?
 
დისტანციური ლითოტრიფსიის პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთია.
პროცედურის შედეგიანობა
დისტანციური ლითოტრიფსიის შედეგიანობა ანუ კენჭის დაშლადობა ძირითადად დამოკიდებულია მის ზომასა და ქიმიურ შემადგენლობაზე. ჩვენი და საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებით ოპტიმალურია 20 მმ-მდე კენჭის დაშლა, რომელსაც საშუალოდ 1,8 სეანსი სჭირდება.
 
უკუჩვენება
დისტანციური ლითოტრიფსია არ არის ნაჩვენები ორსულობის დროს.